logo

დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით პროფესიული განათლების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

       

       ბიზნეს გაერთიანება  „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებითა და გერმანიის ფედერალური სამინისტროს BMZ (SEQUA) მხარდაჭერით „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ პროფესიული განათლების შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. 

       კონფერენციას სახელწოდებით - “გამოცდილებათა გაზიარება პროფესიული განათლების სფეროში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში და მის მიღმა”, გახსნა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა და გერმანიის საელჩოს წარმომადგენელმა დენიელ ჰაასმა.

             კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა ევროპული გამოცდილების გაზიარება და „პროფესიული სწავლებისა და პარტნიორობის პროექტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“ პროექტის მიმდინარე შედეგების, არსებული გამოწვევებისა და საქართველოში პროფესიულ განათლებაში ინოვაციური მექანიზმებისა და სისტემების იმპლემენტაციის შესაძლებლობების შესახებ მსჯელობა.

             „დღეისთვის შრომის ბაზარზე ძალიან მაღალია მოთხოვნა პროფესიული განათლების კადრებზე. ეს ტენდენცია დღითიდღე იზრდება, ვინაიდან კომპანიებს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის კვალდაკვალ ესაჭიროებათ აღნიშნული კვალიფიკაციის თანამშრომლები. შესაბამისად, მიზნობრიობა და დასაქმებაზე ორიენტაცია - ამ მიმართულებით ვმუშაობთ დამსაქმებელთა ასოციაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. აღნიშნული მიზნის მისაღწევად აქტიურად ვმუშაობთ გერმანული დუალური პროფესიული სწავლების მოდელის დანერგვაზე კონკრეტულ კომპანიებში, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების მქონე კადრების შრომის ბაზრისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას და შემდგომ დასაქმებას,“ - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე.

             კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს, გერმანიის, აზერბაიჯანის, უკრაინის  სომხეთის ბიზნეს გაერთიანებები, სამთავრობო სტრუქტურები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

             საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა „პროფესიული სწავლებისა და პარტნიორობის პროექტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ბიზნეს გაერთიანება - „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ 2017 წლიდან თავის პარტნიორ გერმანულ  ორგანიზაციებთან და გერმანიის ფედერალური სამინისტროსთან BMZ (SEQUA) ერთად ახორციელებს.