logo

დამსაქმებელთა ასოციაციის შრომითი ურთიერთობების კომიტეტი განახლებული შემადგენლობით შეიკრიბა

ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის შრომითი ურთიერთობების კომიტეტი  31 მარტს განახლებული შემადგენლობით შეიკრიბა. კომიტეტი დაკომპლექტებულია დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების იურისტებითა და ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელი პირებით.

კომიტეტის საქმიანობის მიზანს წარმოადგენს შრომის კანონმდებლობაში არსებული პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, სამართლებრივი ანალიზი და დამსაქმებელთა ერთობლივ პოზიციებზე დაყრდნობით საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება და ლობირება, ასევე, პროფესიული სიახლეების, განვითარების წინა ხაზზე ყოფნა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება წევრებს შორის.

„მოხარული ვართ, რომ შრომითი ურთიერთობების განახლებული კომიტეტი დარგის წამყვანი სპეციალისტებით დაკომპლექტდა. კომიტეტის აქტიური მუშაობა ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორისთვის, რადგან კოვიდპანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო გაზრდილია შრომითი დავების სტატისტიკა, ასევე განახლებული შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებები დამსაქმებლებისთვის  ახალ რეალობას ქმნის. ვინაიდან შრომის სამართალს შესწევს უნარი, პოზიტიური თუ ნეგატიური ზემოქმედება მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, ჩვენ, როგორც ბიზნეს გაერთიანება, ვალდებული ვართ, კომპანიებს შევუქმნათ პლატფორმა, სადაც შეძლებენ აქტუალურ პრობლემებზე საუბარს, მიიღებენ ერთობლივ გადაწყვეტილებებს და წარადგენენ ისეთ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელიც გააუმჯობესებს შრომით სტანდარტს  ქვეყანაში. თავის მხრივ, დამსაქმებელთა ასოციაცია უზრუნველყოფს კომიტეტს პირდაპირი და გამარტივებული კომუნიკაცია ჰქონდეს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებთან, მათ შორის შრომის ინსპექციასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კომიტეტის მუშაობას მხარს უჭერს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), რომელიც ექსკლუზიურად კომიტეტის წევრებს საუკეთეს საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებაში დაეხმარება,“ - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე. 

კომიტეტის პირველ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ბორდის წევრი შალვა ცხაკაია უძღვებოდა, სამომავლო გეგმები, ინტერესები და შესაძლებლობები განიხილეს.